
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივა მედს" მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროებაში სდებს ბრალს.
ადვოკატი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროსაც, დაიწყოს მოკვლევა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის საქმეზე.
"პრესკონფერენციაზე გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული პაციენტ სააკაშვილთან, რითაც დარღვეულ იქნა უხეშად კანონი, პაციენტის უფლებები და ამასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა [საჩივარი] პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან და ჯანდაცვის სამინისტროში, მარეგულირებელ ორგანოში. ჩაატარონ მოკვლევა და გაარკვიონ, რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით",- ამბობს ხაჭაპურიძე.
პარალელურად გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მას ტემპერატურა აღენიშნება.
ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ყველა იზეიმებს უკრაინის გამარჯვებას ეს ფაქტია და ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 5 თვეა ადამიანს აქვს მუდმივად სიცხე 38.3 ჰქონდა გუშინ საღამოს და დღეს ოდნავ დაეწია. სულ აქვს სიცხე. ჭამით ჯერ ერთი როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია? ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ მოწამლულია და ეს არის მიზეზი რატომ ვერ ჭამს", - ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ენდოკრინოლოგმა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა პასუხისმგებლობას თავად სააკაშვილს აკისრებენ.
"ვივამედში" გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, "დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი".