
ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ პროცესზე მიიღო.
სასამართლო პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დაიხურა.
სახელმწიფო ბრალდება მამისათვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, დამატებით ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა, რაც ბრალის გადაკვალიფიცირების მიზეზი გახდა.
გირაოს ითხოვდა ადვოკატი და თანხის განსაზღვრას სასამართლოს სთხოვდა.
შეგახსენებთ, ორი წლის გოგონა 23 თებერვალს სხეულის მძიმე დაზიანებებით, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოხვდა, მოგვიანებით კი ის თბილისში გადაიყვანეს.
ბავშვის ბებია ამტკიცებდა, რომ გოგონაზე დედა ძალადობდა, თუმცა, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, სამართალდამცავებმა მცირეწლოვანის მამა დააკავეს, რომელიც ბრალს აღიარებს.
ავტორი: ია გულიაშვილი