
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქის მერს, სოსო ხახალეიშვილს მიმართავს. თემურ ცამციშვილი დაინტერესდა, რას ფიქრობს მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადასული ხახალეიშვილი, "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერს, თითქმის, სამოქალაქო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და მათთვის საინტერესოა დღევანდელი მისი პოზიცია.
"ჩვენ გვინდა რამდენიმე მარტივი შეკითხვა დავუსვათ ქუთაისის მერს, პირველ რიგში, უჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, რას ფიქრობს ამ კანონპროექტზე, არის თუ არა ყოფილი უცხოური გავლენის აგენტი და როცა აღარ იქნება საჯარო მოხელე ისევ დაუბრუნდება თუ არა არასამთავრობო სექტორს", - თქვა თემურ ცამციშვილმა.
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დაარეგისტრირებს.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპრიექტს მხარი არ დაუჭირონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა ის რუსულ კანონს შეადარა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს.