
მმართველი პარტიის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გაეროს "შიშები" "რუსულ კანონთან" დაკავშირებით გადაჭარბებულია.
მდინარაძის მტკიცებით, როდესაც "გაერო" ნახავს, რომ კანონს გამჭვირვალობის გარდა სხვა არანაირი მიზანი არ აქვს, მაშინ ისინი ამგვარ განცხადებებს აღარ გააკეთებენ.
"გაეროს მიაჩნია, რომ ეს შეაფერხებს, მაგრამ როდესაც შედეგს ნახავს, გამჭვირვალობის გარდა აქ არაფერი მიზანი არ არის ჩადებული და მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური მიზანია, ამის შემდეგ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაეროს ამგვარი განცხადებების გაკეთება აღარ დასჭირდება, რაც იყო, ჩემი აზრით, გადაჭარბებული. კი ბატონო, აქ არის სხვა შეფასება, ეს იყო გადაჭარბებული შეფასება და გადაჭარბებული შიში იმის შესახებ რასაც ჩვენ ვაპირებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონპროექტი" კრიტიკულად შეაფასა. როგორც ორგანიზაციამ დაწერა, "აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას".