"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, მკვეთად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ევანგელური ალიანსი "ოცნების" "რუსულ კანონპროექტს".
რელიგიურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ისეთი უფლებების ერთად დარღვევას გამოიწვევს, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
მათივე თქმით, კანონი დააზარალებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს, ასევე მთლიანად საზოგადოებასაც და წინააღმდეგობაში მოდის ტოლერანტული საზოგადოების განვითარების ხედვასთან.
"საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალ ევანგელურ ეკლესიებს გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს: მიგვაჩნია რომ აღნიშნული კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.
კანონპროექტის მიხედვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი არ არის, ორგანიზაციას ევალება დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 25 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამშრომლების-ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები.
საქართველოს ევანგელური ალიანსი აფიქსირებს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული კანონპროექტისადმი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას.
ჩვენი ქვეყანა იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა თავისუფალი, ტოლერანტული საზოგადოების განვითარება. აღნიშნული კანონპროექტი კი წინააღმდეგობაში მოდის ამ ხედვასთან და გვაბრუნებს ტოტალური კონტროლის სფეროში.
გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ, აღნიშნული კანონპროექტს კანონად ქცევა.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს "რუსული კანონის" მეორე ვარიანტიც დაარეგისტრირა.
მანამდე კი, ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".
"გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.