"კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია... ახლა საზოგადოების ​​​​​​​გაერთიანების დროა" | "ლელო" რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია... ახლა საზოგადოების გაერთიანების დროა", - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" "ოცნების" "რუსულ კანონს". 

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების "აგენტებად" დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიცატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და, ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ამის ნათელი დასტურია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან დახმარების შეჩერება გამოიწვიოს, რასაც მოწმობს გაეროს და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების განცხადებები. დახმარების შეჩერება კი, პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა, ხელისუფლების ვალდებულებაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მის მიღებამდეც ცნობილია, რომ ის დააბრკოლებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს.

პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

„ლელომ“ აქტიური მოქმედება დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შეჩერების მიზნით. გრძელდება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას საქართველოს ევროპული მომავალის დაცვის და ამ ინიცატივის შეჩერების მიზნით; „ლელო“-ს წარმომადგენლები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომარდგენლებთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან კანონპროექტის მიღებას.

ახლა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურად გააქტიურების და გაერთიანების დროა. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის გზიდან, რისთვისაც უახლოეს არჩევნებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, - წერს "ლელო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს "რუსული კანონის" მეორე ვარიანტიც დაარეგისტრირა.

მანამდე კი, ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".

"გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი