
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჯერებენ, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში მათ დაფინანსება შეუწყდებათ.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს პროვოკაცია და ტყუილია, რადგან კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა.
"არსებობენ გარკვეული ადამიანები, სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ისინი დარჩებიან ხელფასების გარეშე. ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია, იმიტომ, რომ როდესაც ყველა დარწმუნდება ბოლოში და ამ ნარატივიდან, ამ პიარული თავხედობიდან, პიარული აფეთქებიდან რასაც ესენი ცდილობენ, გამოვა ყველა, და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი, არცერთი ბენეფიციარი არ და ვერ დაზარალდება, ამის სრულ გარანტიას ვიძლევით", - თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.
პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.