
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები "არ უნდა ეფუძნებოდეს ცრუ ნარატივს და თითოეული სიტყვა დაზღვეული უნდა იყოს".
"ყველა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ ჩვენ, როცა გამოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მე ვფიქრობ უფრო მეტად უნდა იყოს თითოეული სიტყვა დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ქვეყნის შიგნით განვითარებულ ცრუ ნარატივს იმის შესახებ, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, მათ შორის, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი.
[...]
მე და თქვენ ახლა აქ ხომ ვართ? მაგალითად ნედ პრაისმა, მაგალითად თქვენ, მაგალითად ნებისმიერმა ადამიანმა რომ თქვას, რომ თქვენ ახლა აქ არ ხართ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ახლა აქ ვართ? აი ამ დონის სიცრუეზეა საუბარი და ცრუ ნარატივზე დაფუძნებულ განცხადებებზე. სახელებს და გვარებს თავი დავანებოთ, ჩვენ ვთქვათ, რა არის ტყუილი და რა არის მართალი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მდინარაძეს დაკონკრეტება სთხოვა და ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის რომ ნედ პრაისი იტყუება. მდინარაძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტების რუსულია, ცრუობს.
"მე იმას ვერ ვიტყვი, ვინ რა მოატყუა, ვინ ვის მოატყუა. მე შემიძლია მხოლოდ უდავო ფაქტი დავადასტურო. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, ის უბრალოდ ცრუობს. ახლა, აწი კიდევ თუ ვინმე გააკეთებს განცხადებას, იმასაც შეგიძლიათ მოარგოთ", - თქვა მდინარაძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტყუილში დაადანაშაულა:
რუსულ კანონპროექტზე ნედ პრაისის კრიტიკას ამავე ნარატივით უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც:
შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ნედ პრაისის თქმით, კანონის მიღებამ, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ასევე შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.