ეს მოვლენები მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა პრაიდს "შეუსაბამო" უწოდა - სახელმწიფო დეპარტამენტი 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

"ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მიმართეს ძალადობას ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, თბილისი პრაიდის ღონისძიების დროს 5 ივლისს. ამ ჯგუფებმა ასევე დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის პროტესტი, ეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს... ეს მოვლენები მოხდა საქართველოს პრემიერის განცხადებების შემდეგ, რომელმაც თბილისი პრაიდის ღონისძიებას "შეუსაბამო" უწოდა", - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ტერორიზმის მიმომხილველ ანგარიშში ვკითხულობთ. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, 5 ივლისის მოვლენების პარალელურად ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო არეულობის საკონტროლო ღონისძიებების გატარება. 

მათივე თქმით, მიუხედავად, მოგვიანებით, 28 მოძალადის დაკავებისა და გასამართლებისა, რადიკალური ჯგუფების არცერთ ლიდერს ან ორგანიზატორს არ დაკისრებია სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ანგარიშში ასევე საუბარია ულტრამემარჯვენე, პრო-რუსულ დაჯგუფება Alt-Info-ზე, რომლებმაც პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნეს და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის ოფისებიც გახსნეს. 

"Alt-info/კონსერვატიული მოძრაობა საჯაროდ უჭერს მხარს ძალადობის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად", - წერია დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის ზოგად სურათსაც მიმოიხილავს და წერს, რომ 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. 

"საქართველო 2021 წლის განმავლობაში განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერი პარტნიორი იყო. საქართველომ გააფართოვა ქმედებები მისი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და 2021 წელს დააკავა ქვეყნის 5 მოქალაქე, ISIS-თან დაკავშირებული ტერორისტული ბრალდებებით", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიში ქვეყნის ანტიტერორისტულ კანონმდებლობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, მათი შეკავება და რეაგირება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი