იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს - შვედეთის ელჩი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდესტრომის თქმით, ევროკავშირი რუსული კანონპროექტით შეშფოთებულია.

თიდესტრომი ამბობს, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან. ელჩი იმედოვნებს, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"ვფიქრობ, ყველამ მოისმინეთ საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლებიც ერთმანეთთან უნისონში იყო. ეს განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, გაერომ და სხვებმა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ ინიციატივის გამო და მიგვაჩნია, რომ ეს კანონი იქნება შეუსაბამობაში ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს და გაატარებს იმ რეფორმებს, რომლებიც შეესაბამება 12 პრიორიტეტსა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილებს. რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობაა, რომ მუდმივ კონტაქტში ვიყო და დიალოგი მქონდეს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მე ამას აუცილებლად გავაგრძელებ", - თქვა ულრიკ თიდესტრომმა.

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. 

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი