
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია რომ ისინი დნესტრისპირეთთან სამხედრო ძალების მობილიზებას ახდნენ ყალბი და რუსული დეზინფორმაციის ნაწილია, - უწყების ამ განცხადებას რუმინული მედია ავრცელებს.
სამინისტროს თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები 2022 წლის ნოემბერში, ქალაქ ალბა-იულიაში, რუმინეთის ნაციონალური დღისთვის გასამართი სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასახავს.
"პანიკის გამოწვევის მიზნით, 2023 წლის 27 თებერვალს გავრცელებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუმინული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოლდოვის რესპუბლიკის საზღვართან გადასროლის კადრები, ყალბია", - წერს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ 26 და 27 თებერვალს Twitter-ზე ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო კადრები, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, თითქოს რუმინეთი მოლდოვის საზღვართან სამხედრო ძალებს მობილიზებას ახდენდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, თითქოს, მოლდოვის საზღვრებთან უკრაინაც ახდენდა ჯარების გადასროლას, რათა "დნესტრისპირეთში პროვოკაციები გამოეწვია".
აღნიშნული ინფორმაცია მოლდოვურმა და უკრაინულმა წყაროებმაც უარყვეს.