
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის პირველი სატელევიზიო კომენტარი "ოცნების" რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით - თამარ გვარამაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ წარმოდგენილი ვერსია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ის შესაძლოა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი აღმოჩნდეს:
"წარმოდგენილი ვერსია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ყველა იმ საერთაშორისო მიზანს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს და ბუნებრივია, ყველა ის გამოხმაურება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ, ზუსტად ეხება ამ პრობლემას, რომელიც კანონპროექტშია და სამწუხაროდ, ის მიზანი, რომელსაც ასახელებენ მისი ავტორები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა ამ მიზნის მიღწევას წარმოდგენილი კანონპროექტი ნამდვილად ვერ უზრუნველჰყოფს" ამბობს თამარ გვარამაძე.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.
პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.