
"სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი" მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონს".
"სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა!" - წერია მიმართვაში.
გიორგი ხელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატია. ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პირველი მოსმენით პარლამენტში ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ამის შემდეგ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.