თუ ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? - კალაძე რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?, - აცხადებს მერი კალაძე "ხალხის ძალის" ინიცირებულ და ოცნების მხარდაჭერილ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კალაძე ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე გააჩნია და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ჩვენთან არის საუბარი.

ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის - თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? 

არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს“, - ამბობს მერი კალაძე.

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. 

პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი