პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად "ოცნების" ექსპერტები მობილიზდნენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მობილიზდნენ. ამ წუთებში დავით ქართველიშვილი, ზურა ქადაგიძე და სხვები კომიტეტების სხდომის დაწყებას ელოდებიან, სადაც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონზე" უნდა იმსჯელონ. 

მობილიზებულები ამ კომიტეტის სხდომას დაესწრებიან. შენობაში შესვლისას მათ კრიტიკული მედიების წარმომადგენლები დახვდნენ შეძახილებით - "არა რუსულ კანონს!"

პარალელურად პარლამენტთან აქციას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წარმომადგენლები. ცნობისთვის, ჟურნალისტებმა და მედიაორგანიზაციებმა აქციები "რუსული კანონის" ბიუროს სხდომებზე გატანის დროსაც გამართეს.

რა ხდება:

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ამის შემდეგ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი