
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ადვოკატები ბრძოლის გაგრძელებას ახლა უკვე ქვეყნის გარეთ აანონსებენ. უფლებადამცველების მტკიცებით, დასაკარგი დრო არ არის, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გასულ ღამეს მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე საათით, მეტყველების უნარიც დაკარგა, აქვს სახსრების გაუსაძლისი ტკივილები, გრძელდება წონის კლებაც.
"ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც სასამართლომ შეასრულა. მიდის მსჯელობა რა ნაწილი გაგრძელდეს, როგორ გაგრძელდეს და ა.შ. ოღონდ საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით ბუნებრივია. მთელი ღამის განმავლობაში დაკარგა მეტყველების უნარი, დილით მოვიდა გონს და აღუდგა ეს ფუნქცია. 64 კილოგრამია, წონის კლება გრძელდება, აქვს საშინელი ტკივილები სახსრების",- ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ. სააპელაციომ გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ "არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი".