
უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სავარაუდოდ მარტში წარადგენენ ახალ დოკუმენტს, რომელშიც შევა პუნქტი იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. მისი თქმით, მათ შორის შეიძლება საქართველოც იყოს.
ამ თემაზე მაიკლ მაკფოლმა "ფორმულას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯგუფი აკვირდება და მუშაობს დოკუმენტზე.
"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი სანქციების ჯგუფი ხვდება ერთმანეთს რათა განვიხილოთ სანქციების გაძლიერება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს არის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრები, ჩვენ ვწერთ დოკუმენტებს, წარვუდგენთ უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირს, კანადას, დიდ ბრიტანეთს. ჩვენ გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ და ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, ინდივიდუალურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი დააღწიონ სანქციებს - მესამე ქვეყნებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მარტში ჩვენ გვექნება ახალი დოკუმენტი და ჩემი პროგნოზია რომ ერთ-ერთი პუნქტი შევა ამ დოკუმენტში ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი", - განაცხადა მაკფოლმა "ფორმულასთან".