
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ გაუგებარია ის "ისტერიკა", რაც ნახეს. მისი მტკიცებით, "ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების ინიცირებული რუსული კანონპროექტი საკმაოდ ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს.
"გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პარლამენტი ამისთვის არსებობს. [...] წარდგენილია ორი კანონპროექტი - ერთი ანალოგია იმისა, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქიდან არის ნათარგმნი და გადმოტანილი, რაც ჩემი დამოკიდებულებით, არის საკმაოდ ხისტი. მეორე, კანონპროექტი, ქართული, საკმაოდ ლიბერალურია, მოითხოვს გამჭვირვალობას - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. გამჭვირვალობა კი რატომ არის ცუდი, არ მესმის", - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს". "ხალხის ძალის" ინიცირებულ ორივე კანონპროექტს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
კომიტეტები პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ჟურნალისტები. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც.