უპრეცედენტოდ მძიმე აქტი - აშშ "ოცნებას" ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვას სთხოვს

გამოქვეყნდა:

სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის. დიპლომატიური თანამშრომლობის ისტორიის განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანას დახმარებას, მხოლოდ კონკრეტული პირობებით გამოუყოფს. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტის განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ შესაძლოა, 2021 წელს მისაღები დახმარების 15% საქართველოს გაეყინოს და გამოყოფილი 132 მილიონ 25 ათასს რიცხვები მნიშვნელოვნად მოაკლდეს.

უპრეცედენტოდ მძიმე აქტის თანდართულ განმარტებით ბარათში გაწერილია პუნქტები, რის მიხედვითაც ამერიკელი კანონმდებლები დეტალურად მიუთითებენ, რა შემთხვევაში გაეყინება დახმარება საქართველოს. ამერიკელი პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ეფექტურად განახორციელონ საარჩევნო რეფორმა, დაიცვან სასამართლოს დამოუკიდებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ამ დანართის მეხუთე პუნქტია, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისას პირველად, კონგრესმენები "ქართული ოცნების" გუნდისგან მოითხოვენ, შეიზღუდოს ოლიგარქების არაფორმალური გავლენა სახელისუფლებო ფუნქციებზე და კანონის გამოყენებაზე. ვინ იგულისხმება სიტყვა "ოლიგარქში" და ვისი არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს ამერიკისთვის პრობლემას, ალბათ რთული მისახვედრი არაა.

244 მომხრე 189 წინააღმდეგი - წარმომადგენლობითი პალატის მიერ საგარეო ოპერაციებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო აქტით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ უნდა შეიმუშაოს ანგარიში და დაადგინოს, რამდენად ავითარებს ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ებრძვის თუ არა მმართველი გუნდი კორუფციას. ამის შემდეგ, მაიკ პომპეო მოხსენებით კონგრესის ორივე პალატის წინაშე უნდა წარსდგეს. მოხსენების მოსმენისას ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ამოქმედდება თუ არა უპრეცედენტო სანქცია საქართველოსთვის და გაეყინება თუ არა ქვეყანას დახმარების 15%.

მხარდამჭერი აქტი საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და უნდობლობა "ქართული ოცნების" მიმართ, ასე აფასებენ ანალიტიკოსები საკანონმდებლო აქტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ხმების დიდი ოდენობით მიიღო.

მმართველი გუნდიდან საერთაშორისო ასპარეზზე მორიგ კრახს დღეს არავინ გამოხმაურებია. განსხვავებით გუშინდელი დღისგან, როდესაც თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესაფასებლად მედიასთან "ქართული ოცნების" ლიდერები სათითაოდ ჩამოდგნენ. ერთადერთი, ვინც შერყეულ იმიჯზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, ზალკალიანის უწყებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ზეპირი განცხადებით შემოიფარგლნენ და თქვეს, რომ ჩანაწერი, საქართველოსთვის დახმარების ნაწილის გაყინვაზე არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. რა იგულისხმა უწყებამ, რთული გასაანალიზებელია.

მაიკ პომპეო კონგრესში მოხსენებით, დიდი ალბათობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარსდგება. სახელმწიფო მდივანი მომდევნო თვეების განმავლობაში, წინასაარჩევნო გარემოს აქტიურად დააკვირდება. სწორედ მისმა მოხსენებამ უნდა გადაწყვიტოს, "ქართული ოცნების" ბედი, იქნება თუ არა ეს ხელისუფლება პირველი, რომელსაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დახმარებას გაუყინავს და ფინანსურ სანქციას აამოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი