რუსული კანონის გასაპროტესტებლად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მრგვალ ბაღში აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მრგვალ ბაღში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, კანონის მიღება ხელისუფლების რეპრესიების ნაწილია და სწორედ ამ მეთოდებით ებრძვიან რუსეთში მათ ვინც, პუტინს აკრიტიკებს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და არ დაუშვას რუსული კანონის მიღება.

"ეს კანონი ძალიან სახიფათო კანონია, რადგან ამ ვითომ ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ნებისმიერ პიროვნებას მოექცნენ ისე, როგორც ჩვენ მოგვექცა წულუკიანი, მაგრამ წულუკიანი უკანონოდ მოგვექცა და ახლა კანონის ფორმა უნდათ მისცენ", - თქვა იულონ გაგოშიძემ.

შეგახსენებთ, ხვალ 6 მარტს რუსული კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო სხდომაზე განახლდება. მოსმენა პარლამენტში 9:30 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია აქცია პარლამენტში.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.  

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი