ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ და მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, კანონი ეხება ყველას - ბავშვებს, ქალებს, ეკომიგრანტებს, მეცნიერებს, დევნილებს, უსახლკაროებს და ა.შ.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:
"თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას.
ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას.
თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით.
კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ და შემოთავაზებული კანონი ბევრად სცილდება იმას, რაც აუცილებელია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და გვეხმარებიან სოციალური საკითხების მოგვარებაში.
ეს ჩვენს რეგიონშიც უამრავ ადამიანს უგრძვნია და მრავალნაირი დახმარება, ხელშეწყობა, ცოდნა მიუღია ასეთი ორგანიზაციებისა თუ ჟურნალისტებიგან. გვინდა ისევ გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება, საქართველოს განვითარებაში სხვადასხვანაირი წვლილის შეტანა, უკეთესი ქვეყნის აშენება.
მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს".
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. სხდომაზე დაპირისპირება იყო: