ინიცირებული ორივე კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია! - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი პარლამენტში, "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ისინი ანტიკონსტიტუციურია. 

კოპალეიშვილი წერს, რომ მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი.

"ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურია!

კანონპროექტების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები) მუხლობრივ განხილვაში ამ ეტაპზე არ შევალ. ამის ფორმატი აქ არ არის.

ამასთან, აღვნიშნავ, რომ სრულიად ორივე კანონი ცალ-ცალკე, თუ ერთმანეთთან სინთეზში, არის ანტიკონსტიტუციური. მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან ის წესრიგი, რომლის დადგენასაც ეს კანონპროექტები დამოუკიდებლად თუ სინთეზში ითვალისწინებენ, არის ანტიკონსტიტუციური. და, თუ რატომაა ანტიკონსტიტუციური, ობიექტურ მკითხველს, რომელმაც მინიმალურ დონეზე მაინც იცის, თუ რა არის ხარისხიანი კანონი, შეუძლია წაიკითხოს ეს კანონპროექტები და დასკვნები გამოიტანოს.

მანამდე კი მოკლე ანალიზის სახით გეტყვით, რომ კანონპროექტები თავისი არსით ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სულისკვეთებას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გაერთიანებების თავისუფლების გაგებას. კანონპროექტები ითვალისწინებენ ისეთი რეგულირებების შემოტანას, რომლებიც არ პასუხობენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს კანონის სამართლიანობის, ნორმის განჭვრეტადობის შესახებ. შეიცავენ ბუნდოვან და დისკრიმინაციულ დებულებებს, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს საკითხის უსამართლოდ გადაწყვეტას. კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები იძენენ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას შეზღუდონ ადამიანის უფლებები, კანონპროექტი უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ ავადსახსენებელ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს - აცოცხლებს ე.წ. დასმენის ინსტიტუტს (მაგ. „მონიტორინგის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“), ითვალისწინებს აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის ყველა რიგითი თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის გენერალურ პროკურატურაში წარდგენას („იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა“), ერთი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ და მეორე ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამდგენი ოდენობები ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და სხვა. რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალო! - განმარტავს კოპალეიშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ, ერთი ვერსია "ქართულია", ხოლო მეორე, "ხალხის ძალის" მტკიცებით, ამერიკულის ანალოგი. სხდომაზე იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. გარეთ კი კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. იხილეთ დღეს გაკეთებული განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი