
საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამის შესახებ მან "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში იმამურა აკირა ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის და განმარტავს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოური გავლენების აგენტებად უპირებენ გამოცხადებას, ძალიან ბევრს აკეთებენ საქართველოს კეთილდღეობისთვის და ისინი სინამდვილეში "ქართველი ხალხის აგენტები" არიან.
მისივე განცხადებით, მას არ მოუსმენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა მედიისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის.
"ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას. როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციირების მიზეზი არასაკმარისი გამჭვირვალობაა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილებით, ამჟამინდელი კანონმდებლობის ფარგლებში ისინი საკმარის [ინფორმაციას] აქვეყნებენ. უფრო მეტიც – არ მომისმენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომაა საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა მედიისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის. [...]
ჩვენ ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან დიდად ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ისინი არიან არა უცხოური გავლენის, არამედ „ქართველი ხალხის აგენტები“. ამიტომ გვსურს, განვაგრძოთ ამ მიზნებისთვის ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა", - ამბობს ელჩი "ნეტგაზეთთან".
იმამურა აკირა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის იაპონურ გამოცდილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იქ არაკომერციულ ორგანიზაციებს შემოსავლის წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვთ. ხოლო, იმ შემთხვევაში არსებობს უსაფრთხოების პრობლემები, მათ სხვა ღირებულებების, სიტყვისა და შეკრების თავისუფლების, საფრთხეში ჩაგდების გარეშე უმკლავდებიან.
ელჩი აქვე განმარტავს, რომ კანონპროექტი "არ არის მისასალმებელი სიგნალი დონორებისთვის - მათ შორის იაპონიისთვის".