
"ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ," - ასე გამოეხმაურა ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატი, კატი პირი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "საქართველოს მომავალი აღარ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის აგენტებზე."
ღარიბაშვილმა ეს განცხადება პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონპროექტის შეფასებისას, ბერლინში ვიზიტისას გააკეთა. მან თქვა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებს ანტისამთავრობო მიტინგებს.
როგორც კატი პირი ამბობს, დროა "ქართულმა ოცნებამ" გადახედოს მის ავტორიტარულ გზას.
"ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. პუტინისტური კანონი "უცხოელ აგენტებზე" აშორებს საქართველოს ევროპულ ღირებულებებს. დროა ქართულმა ოცნებამ გადახედოს ამ ავტორიტარულ გზას", - წერს ნიდერლანდების დეპუტატი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" რუსულ კანონს განიხილავს. განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.