ახალ და დიდ ომში ჩათრეული საქართველო - სომხეთ-აზერბაიჯანი კონფლიქტის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

სანამ ჩვენ გვეძინა, ახალ და დიდ ომში აღმოვჩნდით ჩათრეულები. იცოდით თუ არა, გინდოდათ თუ არა, დღეიდან, სომხეთის მოკავშირე ხართ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში.

თავზე ნაღმი გაგვსკდომოდა, გვერჩივნა. ისე მაინც ვერ დაგვაზიანებდა, როგორც აზერბაიჯანის უკვე ოფიციალური ბრალდება, სომხეთში იარაღის შეტანის ხელშეწყობის შესახებ. იარაღი სერბული იყო და, ბაქოს ვერსიით, სომხეთში ჩვენგან დღეების წინ შევიდა, ორი ქვეყნის ახალი დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ოფიციალურ თბილისს ალბათ არ ეგონა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანულ სააგენტო ჰაკინაზში გაჩენილი ინფორმაცია ასეთ მაღალ პოლიტიკურ დონეზე დადასტურდებოდა.

გახარიასნაირი ტიპაჟიც კი გაჩუმდა, როდესაც სააგენტოს ინფორმაცია ჯერ მინისტრის მოადგილემ, შემდეგ კი სერბეთის მთავრობამ დაადასტურა. ოღონდ, ბელგრადში ყველაფერს სლობოდან ტეშიჩს აბრალებენ, ბალკანეთის უმსხვილეს იარაღით მოვაჭრეს, რომელიც, თავის მრავალ საწარმოსთან და პარტნიორთან ერთად, წლებია, შეერთებული შტატების სანქციათა სიაშია.

ჰაკინაზის პირველ პუბლიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიცრუე უწოდა. პასუხის პასუხად აზერბაიჯანის სამთავრობო წრეებთან ზედმეტად ახლოს მდგომმა სააგენტომ გამოაქვეყნა სამხედრო შეფერილობის რუსული კამაზების ფოტოები, რომლებიც, მისი მტკიცებით, გრადის რეაქტიული სისტემის ე.წ ლანჩერებს, ანუ გამშვებებს წარმოადგენდნენ და სერბულ ნაღმებთან ერთად, უკანასკნელ დღეებში შევიდნენ სომხეთში. ისევ საქართველოს გავლით. შეიძლება თუ არა ამ ერთი ფოტოთი გააცოცხლო დიდად შარიანი ამბავი, რომელშიც საქართველო გაეხვა?

ყველაფერი ემთხვევა - ღობე კაბელით, მთები, განათების ბოძები, ბეტონის საფარი. და როდესაც მანქანები გაიწევიან, ეზოს ბოლოში გამოჩნდება საპირფარეშოს შენობაც. მანქანების ეს პარკი სოფელ სადახლოშია, სომხეთის საზღვრიდან 6-7 კილომეტრში. აქ წინასწარ ჩერდება სომხეთისკენ მიმავალი ყველა სატვირთო. ასე არეგულირებენ საბაჟო რიგს, რომ უშუალოდ საზღვარზე საცობი არ შეიქმნას.

მენეჯერისა და ჰაკინაზის დასახელებულ თარიღებს შორის განსხვავება 3-4 თვეა. მეტის გასაგებად სოფელში გავდივართ. უმეტესობა უარობს. თუმცა ყველა არა.

რაშიც გახარიას ვერ შეედავები - ამ კამაზებს სამხედრო მხოლოდ ფერი აქვთ. ცარიელ ძარაზე დადგმული ყუთის ფორმის საგანი გრადის სისტემის ელემენტი ნამდვილად არ არის.

ცარიელძარიანი სატვირთოების დანიშნულება ქართულ საბაჟოს შეიძლება არ სცოდნოდა. ან თვალი დაეხუჭა, თუ აზერბაიჯანული ვერსია მართალია და ტვირთის მიმღებად მართლა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული. მაგრამ არ არსებობს ვარიანტი, საქართველოში შემოსულიყო და გასულიყო ნაღმების პარტია და ეს ვერავის აღმოეჩინა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია ჯიბის დანის ტარებისთვის აჯარიმებს, 120 მილიმეტრიანი ნაღმების შეუმჩნევლად პროწიალი მეტად რთული წარმოსადგენია.

თუ აზერბაიჯანული ვერსია სწორია და ტვირთის გამომგზავნი ნამდვილად შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული სერბული კომპანიაა, ეს ჯერ კიდევ იქამდე გამოჩნდებოდა ქართველი მებაჟეების, მესაზღვრეებისა თუ სპეცსამსახურების მონაცემთა ბაზებში, სანამ ტვირთი აქამდე ჩამოაღწევდა. გადამზიდავს, წესით, ასეთი კომპანიის მომსახურებისთვის სამგზავრო სერტიფიკატიც კი ვერ უნდა მიეღო.

დღეს მოქმედი წესებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირების გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო იღებს. ასეთი გადაწყვეტილება თინა ხიდაშელს ბევრჯერ მიუღია და ბევრჯერაც შეუყოვნებია. მაგალითად, ისეთ შემთვევაში, როდესაც ორი მეზობლიდან ერთს ასიმეტრიულად დიდი გადაზიდვა მოუთხოვია. გიგა ბოკერიასაც, როდესაც წესები განსხვავებული იყო და კოორდინაცია უშიშროების საბჭოს ევალებოდა.

საქართველოს უმთავრესი ინტერესი, რა თქმა უნდა, კავკასიური მშვიდობაა. უნდა იყოს. მაგრამ, პრირიტეტების დახარისხებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანს ჰქვია, სომხეთისას კი - რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, ერქვა, სანამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოხსნიდა გუდას პირს, სანამ საპატრიარქო და ფსბ-ს დაფინანსებული ექსტრემისტები მარნეულში გაერთიანებულ მიტინგებს მოაწყობდნენ ნარიმანოვის ძეგლის ჩამოსაგდებად და სანამ ბაქო ლამის პირდაპირ დაგვდებდა ბრალს ომის ინსპირირებაში.

აზერბაიჯანული სააგენტო არ აქვეყნებს ბევრ დეტალს. რითიც ტოვებს საბაბს ერთი მხრივ უნდობლობისთვის, მეორე მხრივ კი ნაირ-ნაირი ვერსიებისთვის. მაგალითად - რისთვის უნდა დასჭირვებოდა სომხეთს რუსული კალიბრისა და სისტემის შეიარაღების ყიდვა სადმე სხვაგან, თუკი, სტრატეგიული მოკავშირის პრივილეგიით, რუსეთისგან ნებისმიერ იარაღსა და ტექნიკას მსოფლიო ფასებზე 60-65 პროცენტით იაფად ყიდულობს. ხოლო, თუ უფრო შორს წავალთ, ხომ არ იყო ეს სქემა და ინფორმაციის გაჟონვის დრო მიმართული საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ტანდემის საბოლოოდ გასახლეჩად

რუსეთმა დაგეგმა თუ არა, სარგებელი ნამდვილად ნახა. გიუმრის ბაზა უკვე ამოძრავდა.

სომხეთის საგარეო სამინისტრო, ჩვენი თხოვნის მიუხედავად, დუმს. რაღა სომხეთის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ენა ბოლომდე გადაყლაპა ფინანსთა სამინისტრომაც, რომელსაც ექვემდებარება საბაჟო. გარშემო ატეხილ ომსა და ყიჟინაში ეს მდუმარება კიდევ უფრო უცნაურად ისმის.

ამ ხელისუფლებამ ხელახლა შეგვაჩვია - ნებისმიერი საქმის უკან ვიღაცის ჯიბის ინტერესი იგულისხმეთ. მაგრამ სტრატეგიული მოკავშირის წინააღმდეგ მოქმედებას მხოლოდ კორუფციით ვერ  ხსნის ამ მთავრობის ყოფილი წევრი. ინტერესები უფრო მკვეთრია. გასაფუჭებელიც გაცილებით მეტია.

ამოხსნამდე ჯერ შორია, მაგრამ განტოლებაში უცნობი ნაკლები დარჩა. ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთიდან საქართველოში რუსული სატრანზიტო ნომრებით შემოვიდა და სომხეთში გავიდა სამხედრო ტიპის სულ ცოტა ოთხი კამაზი. ვიცით, რომ საარტილერიო ჭურვები სერბეთიდან ნამდვილად გაიგზავნა სომხეთში და, სავარაუდოდ, ასევე ჩვენი გავლით. ვიცით, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და ნაღმები პირდაპირ საქმეში გაუშვეს - დაბომბეს აზერბაიჯანული სოფლები. ვიცით, რომ სტრატეგიული პარტნიორი პასუხებს უკვე ითხოვს. არ ვიცით მხოლოდ ორი რამ. პირველი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივი ნეიტრალიტეტის დარღვევის გადაწყვეტილება რუსის ოლიგარქმა ვინმეს კარნახით მიიღო თუ არა. და მეორე - სადამდე აქვს მას გადაწყვეტილი ქვეყნის ჩაძირვა სხვების ომსა და რუსულ წუნწუხში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი