
"პროტესტის შემდეგ საქართველოს მმართველი პარტია უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევას გეგმავს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "The New York Times".
ავტორი თხობას იწყებს იმით, რომ მომიტინგეების მხრიდან ზეწოლის ფონზე, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზედიზედ ორი ღამე თბილისში, ფართომასშტიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. აღნიშნულია ისიც, რომ სპეცრაზმმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სტატიაში განმარტებულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც პირველი მოსმენით დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობამ, მოითხოვს ქართული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ დაფინანსების მნიშვნელოვან რაოდენობას საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტებად. მათ სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ, თუ ისინი არ დაემორჩილებიან.
"ქართული ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ კანონი შეიქმნა 2012 წელს რუსეთში შემოღებული მსგავსი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებაზე და პროდასავლურ მედიასაშუალებებზე. ქუჩებში მომიტინგეები ორი ღამის განმავლობაში სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“ ",- ვკითხულობთ სტატიაში.
"The New York Times" ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც დაგმო კანონპროექტი, როგორც ფარული მცდელობა დაინერგოს მძლავრი იარაღი განსხვავებული აზრის ჩასახშობად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოიყენა."
საერთაშორისო მედია სტატიის ბოლოს წერს, რომ "3,6 მილიონიანმა ქვეყანამ, საქართველომ მტკივნეული ომი აწარმოა რუსეთთან 2008 წელს. მას შემდეგ მოსკოვი ინარჩუნებს სამხედრო კონტროლს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე".