
ამ დრომდე უცნობია რომელმა საგამოძიებო უწყებამ ჩაატარა სპეც-ოპერაცია და ჩხრეკა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო გაზდელიანისა და მისი ოჯახის წევრების სახლებში. ადვოკატის თქმით, იკვეთება პროცესუალური დარღვევებიც.
საგამოძიებო ორგანოს არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება. ასევე ამ დრომდე უცნობია რა მუხლით ან რა ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. დაცვის მხარე პროკურატურაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივრის შეტანას აპირებს.
"ჩხრეკას თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ საჩივრის შეტანას, სათანადო ორგანოებში წერილობით დაფიქსირებას", - თქვა ადვოკატმა.
სპეც-ოპერაცია გუშინ გამთენიისას 6-ის ნახევარზე ჩაატარეს. შეიარაღებული და ნიღბიანი პირები 7 სახლში შევიდნენ, რამდენიმე ლოკაციაზე კარებიც შეამტვრიეს, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებაც აქვს და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ხდებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე არცერთ პირს, არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.