ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, სუვერენული გამხდარიყო - ვოლოდინი რუსული კანონის ჩაგდებაზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას რუსული კანონპროექტის ჩაგდების და უკან გაწვევის შესახებ ეხმაურება რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომლის მტკიცებითაც, "ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო".

ვოლოდინი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა შესაძლებლობა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან იმ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად შესული თანხები გაეკონტროლებინა, რომლებიც "ანტი-ქართულ დღის წესრიგს" ქმნიან. 

რუსი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ "ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით ვაშინგტონმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა".

"საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო დამორჩილებოდა, მაგრამ არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, მიუღებელი იყო აშშ-სთვის. პარლამენტში განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი", - წერს ვოლოდინი.

მისი აზრით, ეს შეზღუდავდა ვაშინგტონის გავლენას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ვოლოდინი ამბობს, რომ საქართველოსთან რუსეთს "რთული" ურთიერთობა აქვს, მაგრამ "გვისურვებს" სუვერენულები ვიყოთ. 

ცნობისთვის, სწორედ რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20%. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი