
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციები ძალიან "აგონებთ" 2014 წელს, უკრაინაში, მაიდანის მოვლენებს. მისი მტკიცებით, კანონპროექტის ირგვლივ შექმნილი ვითარება მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობის დასაწყებად.
"ძალიან წააგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო, ზოგადად, ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობა", - თქვა მინისტრმა.
ლავროვი იმეორებს "ქართული ოცნების" ნარატივს, რომ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტი უფრო "ლოიალურია" ვიდრე ამერიკაში მოქმედი.
საუბრისას რუსმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საგარეო სამსახურის უფროსის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან ბორელის განცხადებას ფარისევლური უწოდა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში "ბევრად უფრო მკაცრი ნორმები მოქმედებს", ბორელმა მაინც განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" კანონი ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
ლავროვის მტკიცებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან არის "ორკესტრირებული", რადგან რუსეთის საზღვარზე დაძაბულობა შეიქმნას.