
ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ და მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა რეზოლუცია. რეზოლუციაში დაგმობილია პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონი", ასევე, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსი.
დებატების ინიციატორი "ევროპული საქართველო" იყო. ასამბლეას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ესწრებოდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაინახეს, რამდენად დიდია ქართველების მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ.
EPP ამბობს, რომ ამ კანონის ყოველგვარი განხილვა უნდა შეწყდეს, დაკავებულები გათავისუფლდნენ. პარტია გმობს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.
"ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების კურსი ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიის აშკარა უკანდახევაზე მიუთითებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, მავნე და აბსურდულ პროპაგანდასთან კამპანია, იმის შესახებ, რომ ევროკავშირი და აშშ ახორციელებენ ზეწოლას საქართველოზე, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გამეორებაა, განგაშის გამომწვევია.
ამ ქმედებებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს", - წერია EPP-ს რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ EPP აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ მისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის გატარებაში.
ფოტოს "ევროპული საქართველო" ავრცელებს:
