ვგმობთ ღარიბაშვილის მცდარ განცხადებებს ევროკავშირის შესახებ - ევროპარლამენტში, "ოცნების" პარტნიორი პარტია

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში, "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტია, სოციალისტებისა და დემოკრატების  პროგრესული ალიანსი [S&D], ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომ თითქოს ევროპარლამენტს სურს, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პარტიის მიმართვის საფუძველზე სტრასბურგში დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. 

პარტიის საგარეო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტის, პედრო მარქესის შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტის შესახებ, მცდარია. 

"ჩვენ ვგმობთ პრემიერ ღარიბაშვილის მცდარ განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომს რუსეთი აწარმოებს, რაც საჭიროებს ჩვენს ერთობას, ურყევ თავდადებას და მონდომებას, რათა დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ხალხისთვის, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში", - ამბობს პედრო მარქესი.

მარქესის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს ლიდერებმა ეფექტურად და ცალსახად უნდა აჩვენონ ამ სურვილის სინამდვილე, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში გატარებული რეფორმებით.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვთ.

ამასთან ერთად, პარტია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც წინა კვირას რუსული სტილის კანონპროექტი გააპროტესტეს.

"ჩვენ S&D ყოველთვის იმ ხალხის გვერდით ვიქნებით, ვინც იცავს დემოკრატიას, მხარს უჭერენ დემოკრატიულ რეფორმებს და სურთ რომ საკუთარი ევროპული მისწრაფებები შეასრულონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს. ამგვარმა კანონებმა უკვე დათრგუნა სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული აზრი რუსეთში. ასეთ კანონებს არაფერი ესაქმებათ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ", - წერს ორგანიზაცია

S&D საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, რომ იმუშაონ ერთად, რათა ევროკავშირისთვის საჭირო რეფორმები გაატარონ და რაც შეიძლება მალე შეასრულონ ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი