
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებას ითხოვს. ოპოზიციური პარტია ითხოვს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება გენერალურ პროკურატურაში, სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე და მოხდეს იმ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება, რომლებმაც 7-8 მარტის აქციებზე გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და იძალადეს ახალგაზრდებზე.
ისინი ასევე ითხოვენ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, [ხარება] რომელიც მათი თქმით, სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
"მოვითხოვთ, რომ დროულად დაიწყოს გამოძიება გენერალურ პროკურატურაში. მოხდეს მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირება და დაისაჯონ ისინი კანონის მოთხოვნის შესაბამისად. გამოძიების დასრულებამდე, შეუჩერდეს უფლებამოსილება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელად ხარებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ თვალი მივადევნოთ გამოძიებას, და მოვთხოვოთ გენერალურ პროკურორს, პირადი პასუხისმგებლობით დაიწყოს გამოძიება " - ამბობს გიორგი კაპანაძე