პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონს - RLC

გამოქვეყნდა:

"კანონის უზენაესობის ცენტრის" განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კანონიერად მიიჩნია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ყველა ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, გარდა ერთი - 2022 წლის 9 აგვისტოს - ეპიზოდისა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვებს.

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ შეფასებით, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა სახეზეა არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ ერთ ვიდეოჩანაწერთან, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ყველა ვიდეოჩანაწერთან მიმართებით. ამასთან, ვიდეომასალები გასაჯაროვდა არა ერთი, არამედ რამდენიმე პრინციპის დარღვევით.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში ასახულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (გამოხატული ქცევა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა), რომლის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის თანხმობით;

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრების შინაარსი ვერ პასუხობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი გადაადგილების უნარის ან/და მისი მოწამვლის ფაქტის შესახებ საზოგადოებაში არსებულ ინტერესს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების შემცველი ვიდეომასალის გასაჯაროება ვერ ჩაითვლება კანონიერად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ და მის პირად ცხოვრებაში ჩარევის პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად;

ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მისი თარიღის მხედველობაში მიღებით (ისინი ასახავდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას რამდენიმე თვის წინ), ვერ ჩაითვლება ჩანაწერების გამოქვეყნების დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალური ვითარების აღწერისა და ამ ვითარების გადმოცემის ადეკვატურ საშუალებად;

ამასთან, გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, მისი შინაარსის გათვალისწინებით (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის სხეულის გარკვეული ნაწილების დაუფარაობა, მისი პალატაში გადადგილების, მის მიერ გამოხატული ქცევის, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახში შესვლა-გამოსვლის კადრების ჩვენება, სადაც ის არ არის სრულად ჩაცმული და მითითებულ ფორმაში და ვითარებაში მისი საზოგადოებისთვის ჩვენება), ცალსახად იყო ღირსების შემლახავი", - წერია განცხადებაში. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი