პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს - ასეთ განმარტებას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა ამბობს, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. როდის ჩამოვლენ უცხოელი ექიმები საქართველოში, ჯერ უცნობია.
პოლონეთის სეიმის დეპუტატი, მალგოჟატა გოშევსკა კი ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაგზავნონ ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად.
"ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვითმფრინავი გავუშვათ და სამედიცინო მისიით გავფრინდეთ საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პროფესიონალურად და უმაღლეს დონეზე შესამოწმებლად და საბოლოოდ პოლონურ საავადმყოფოში გადმოყვანისა და მკურნალობის მიზნით. ეს იქნება პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის 27 ქვეყნის პატრონაჟით. საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება დაკავშირებულია მის სავარაუდო მოწამვლასთან, ასევე, უზარმაზარი წონის კლებასთან. ყოფილი პრეზიდენტის შემოწმების შემდეგ სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი. რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა ქართული ხარე სააკაშვილის გამოკვლევასა და მკურნალობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო ზეწოლისთვის, რომ საქართველო დათანხმდეს ამას, თუმცა შანსებზე საუბარი ძნელია", - თქვა გოშევსკამ.
მისი განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ხელისუფლების ქმედებებს და უნდა სჯეროდეთ, რომ კონკრეტული არგუმენტები და საუბარი ქართულ მხარესთან გაჭრის და საღი აზრი გაიმარჯვებს.