საქართველოში ვიზიტით მყოფი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი ყოფილ სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს რითი შეიძლება დაეხმაროს ბრიტანეთი საქართველოს. ლონდონში გამგზავრებამდე კლევერლი ჟურნალისტებსაც შეხვდება.
"ვისაუბრე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ვისაუბრე იმაზე, რომ ქართველი ხალხის, ხელისუფლების რიტორიკა და გაცხადებული მიზნები უკვე აცდენილია, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდგომ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან დაემსგავსა რუსულს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა "რუსულ კანონზე", ასევე, ზოგადად სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებს.