
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში, რასაც შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს, ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისევე როგორც უკრაინელების შემთხევევაში, ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველა პატივი უნდა სცეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობ თქვენთან ერთად და მხარს ვუჭერს თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველოს და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში 2024 წელს დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოებისთვის, 500 000 ფუნტს გამოყოფს. ეს თანხა მოხმარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარემოს შექმნას, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საქართველოს და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები განიხილავდნენ.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი შეხვდება ღარიბაშვილსაც. ასევე ჩავა საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.