
"რუსეთი გაცოფებულია ქართველ დემონსტრანტებზე" - ამ სათაურით სტატიას საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა Foreign Policy-ზე გამოაქვეყნა, რომელიც "რუსული კანონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.
სტატიაში ავტორი "რუსულ კანონს" რეპრესიის აქტს და დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ მშვიდობიანად გააპროტესტა. ის წერს, რომ საზოგადოების აღშფოთებამ იმუშავა, დროებით მაინც, ამ ცვლილებამ კი მოსკოვში აღფოთება გამოიწვია "რომელიც ცდილობს საქართველოს დაბრუნებას კრემლის ორბიტაზე".
როგორც თორნტონი წერს, საქართველოს მთავრობა პროტესტის მონაწილეების ამ გამარჯვებას დროებით უკუსვლად მიიჩნევს და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა გააორმაგა. მისი თქიმით, "ქართული ოცნების ლიდერებმა გაიმეორეს კრემლის ნარატივი, რომ პროტესტი იყო საზღვარგარეთიდან წამოწეული გადატრიალების მცდელობა".
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მესიჯები, რომ დემონსტრანტები "დესტრუქციული ანარქისტები" იყვნენ, ან რომ "სატანის ფორმები" ეცვათ და მათი მიზანი, გადატრიალება და "მეორე ფრონტის" გახსნა იყო, ადასტურებს იმას, რომ "ეს არ არის იმ ხელისუფლების ენა, რომელიც უარს ამბობს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე".
სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და მას საქართველოს ჩრდილოვან მმართველს უწოდებს. თორნტონი მის სახელს უკავშირებს ქვეყნაში დემოკრატიის დონის შემცირებას.
"საქართველო თავის დროზე დასავლეთის რჩეული იყო დემოკრატიის კუთხით, კავკასიის რეგიონში, მაგრამ ქვეყნის დემოკრატია ბოლო წლების განმავლობაში უარესდება. ამ დაკნინების მთავარი წყაროა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა, ოდესღაც რუსი ოლიგარქი, რომელიც აგრძელებს ძალაუფლების ძირითად ბერკეტების კონტროლს ქართული ოცნების შიგნით", - წერს ავტორი.
მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაამკაცრა საკუთარი კონტროლი ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორებიც არის, უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახური, პოლიცია და გაანადგურა დემოკრატიული მმართველობის სხვადასხვა ნაწილები, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო პროცესი და საპარლამენტო ზედამხედველობა.
ავტორი მიხეილ სააკაშვილზეც წერს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო დასავლურ, პრო-ევროპულ კურსზე დააყენა, ახლა ციხის საავადმყოფოში სუსტდება.
თორნტონის აზრით, ბოლო რამ, რაც ხელისუფლებას დემოკრატიულად სრულიად მოსაკლავად სჭირდება, ეს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა ან მედიის გასაკონტროლებლად კანონია.
ავტორი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით "ქართული ოცნებისა" და რუსეთის პროპაგანდის საერთო მესიჯბოქსებსაც უსვამს ხაზს. როგორც იგი წერს, საქართველოს ხელისუფლებამ კრემლისტური პროპაგანდის მსგავსად, ამტკიცებდა რომ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მოახერხა და ინიცირებული კანონპროექტი შეაჩერა, "ქართული ოცნება" მაინც არ აპირებს, რომ არჩეულ კურსს გადაუხვიოს.
თორნტონი წერს, რომ "ოცნება" აორმაგებს კამპანიას ქართული დემოკრატების წინააღმდეგ. თორნტონი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის ტაქტიკა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მეთოდებს ძალიან ჰგავს, როცა იგი დემოკრატიის მხარდამჭერებს ბრალს სდებს ქართული კულტურისა და ქრისტიანობისთვის საფრთხის შექმნაში. ავტორი ამბობს, რომ დასავლეთმა "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა უნდა გაზარდოს.
"თავის მხრივ, აშშ-ის და ევროპის ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა ქართული ოცნების მთავრობაზე რეფორმების განსახორციელებლად და, ამავე დროს, იპოვონ გზები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული აქტივისტების მხარდასაჭერად და წასახალისებლად. თუმცა, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველ ამომრჩევლებს, რომელთა შემდეგი შანსი უარყონ მათი ანტიდემოკრატიული მთავრობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე".