
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და აპარატის წევრების კოლოსალური ხელფასები და მუდმივად მზარდი ანაზღაურება, რომლის კრიტერიუმებიც გამჭვირვალე არ არის - "სამართლიანი არჩევნები" ცესკო-ს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2016-2019 წლებს შეეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის დასაწყისში თამარ ჟვანიას ანაზღაურება, დაახლოებით 55%-ით გაიზარდა, მისი მოადგილის 68, მდივნის კი 69%-ით. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ კომისიას არ აქვს განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე ხდება სარგოს პროცენტულობის მატება, ან პერიოდულობა.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით პრობლემატური ისაა, რომ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე, რა კრიტერიუმებით და რა პერიოდულობით ხდება თანამდებობრივი სარგოს გაზრდა. მისი თქმით, არჩევნების წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ორგანოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შესახებ.