
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს.
"საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ იდიოტია“ - თქვა კირბიმ პილოტზე.
"ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო ფლოტში, რომელშიც მე გავიზარდე, არაფერს უნდა შეჯახებოდი, შეჯახება შენთვის ცუდია. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მისცეს ვაჟკაცობის ჯილდო პილოტს, რომელიც, უარეს შემთხვევაში, საფრთხეში აგდებდა საკუთარ თავსა და აშშ-ის საკუთრებას და საუკეთესო შემთხვევაში კი უბრალოდ იდიოტია“ ,- თქვა კირბიმ.
პილოტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ შავ ზღვაზე ამერიკული თვითმფრინავის MQ-9 Reaper-ის ჩამოგდებაზე, კრემლმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
შემთხვევა კი 14 მარტს მოხდა. რუსული სუ-27-ები აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის უპილოტო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი ჩამოვარდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გაუგზავნა რუსეთს მწვავე საპროტესტო ნოტა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში უკანონო ქმედებებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ამერიკული თვითმფრინავი "მკვეთრი მანევრირების" გამო ჩამოვარდა, ინციდენტში მონაწილე რუსი პილოტები მაინც დააჯილდოვა.
პენტაგონმა 16 მარტს, ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.