
მოლდოვის დესტაბილიზაციის ათწლიანი გეგმა, რომელიც 2021 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეადგინა, ტელეკომპანია CNN-მა გაასაჯაროვა. „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“, ასე ეწოდება საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა ქვეყანაში პრორუსული ძალების მოძლიერებას და არეულობების მოწყობას ისახავდა მიზნად, რასაც შედეგად ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლა უნდა მოეტანა.
კრემლში მსგავსი გეგმის არსებობას უარყოფენ, თუმცა ვაშინგტონში მოვლენების ასეთ განვითარებას სავსებით რეალისტურად აფასებენ. ბოლო დღეებში მოლდოვაში რამდენიმე სავარაუდო პრორუსი აქტივისტი, ასევე ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის სავარაუდო წევრი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში შესვლას ცდილობდა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი