ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად - ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თათია სამხარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს.

მისი თქმით, წარმოუდგენელია უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი, რაც სამხარაძის მიმართ ხდება. თავად სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მომხდარს არ გამოხმაურებია. თათია სამხარაძემ მას საქმით დაინტერესებისკენ პირადადაც მოუწოდა.

"რამდენჯერმე ვუყურე თათია სამხარაძის ვიდეოს.

წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც მის მიმართ მიმდინარეობს. უფრო სწორად, წარმოუდგენელია ამ უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი!

ერთი შეხედვით მედიის თავისუფლების ანტურაჟით შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდისტის გადასარჩენი სპეცოპერაცია, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია და კარგად ჩანს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, უფლებადამცველების შევიწროება და დისკრედიტაცია და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენება.

ამ ყველაფრის თანმდევი მძიმე ადამიანური ტვირთის ატანა უწევს თათიას და მის ახლობელ ადამიანებს. ძნელია ამ საშინელების მოთმენა და პირველ რიგში გამძლეობის სურვილები მას, ჩემგან როგორც თანამოქალაქისგან.

ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!" - წერს ბურაჯანაძე.

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი