
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატი და "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე 22 მარტს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რა დროსაც "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
ხუნდაძის თქმით, მომხდარი დაპირისპირება "პოლიტიკოსებს შორის მომხდარი კონფლიქტი იყო" და ის რელიგიურ ნიადაგზე არ დაწყებულა და "არც მის მიმართ პასუხი იყო რელიგიური ნიშნით".
"პარლამენტში, იმ დღეს მომხდარი კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც მის მიმართ პასუხი იყო რელიგიური ნიშნით. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტარიელ ნაკაიძის მხრიდან დეპუტატების პიროვნულ შეურაცხყოფას ეხებოდა. ნაკაიძეს და მის თანამოაზრეებს კი სურთ, ეს ფაქტი ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან რელიგიურ კონფლიქტად აქციონ და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ეს არის სახელმწიფოებრივად საშიში და მიუღებელი. მისი ქმედება არის ტყუილზე დაფუძნებული და ამას ხვდება ჩვენი მოსახლეობა. პოლიტიკური მიზნით რელიგიური შუღლის გაღვივების უფლებას საქართველოში არავის მივცემთ. ამის უფლებას არავის მისცემს თავად მუსლიმი თემი. ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა ყველა კონფესიის ადამიანის მონაპოვარია და ამის განადგურებას თავად ხალხი არ დაუშვებს.
ამიტომ, ფუჭია და უშედეგო ტარიელ ნაკაიძის მცდელობა ქვეყნის შიგნით რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების. ერთადერთი, რაც შეიძლება მისმა ქმედებამ გამოიწვიოს, არის საკუთრივ მისი სახელის შებღალვა. ჭკვიანი კაცი კი ამას არ დაუშვებს", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის განცხადებაც "ხახლიხის ძალის" Facebook გვერდზე ვცდელდება.
შეგახსენებთ, 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაკაიძე "ხალხის ძალის" დეპუტატებს სუბარსა და სხვებს ესაუბრებოდა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
უმრავლესობაში თქვეს, რომ მომხდარ დაპირისპირებას წინ "უმძიმესი შეურაცხყოფა" უძღოდა, ვინაიდან ნაკაიძემ ჯაფარიძეს მოღალატე უწოდა. ვინც მოღალატეს დამიძახებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს - ასე "განმარტა" ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა.
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე განმარტება გააკეთა თავად ნაკაიძემ და თქვა, რომ დაპირისპირებამდე "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას აგენტი უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი.