"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. 

ამის შესახებ ის Facebook-ზე თავად წერს.

"მოვედი თათიას მხარდასაჭერად!

მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა.

გამძლეობა ამ ბრძოლაში თათიას!", - წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ POS TV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მასთან სახლში მივიდა.  სამხარაძემ დახმარება სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და თქვა, რომ მისი განადგურება რეალითი შოუდ აქციეს.

მანამდე, 26 მარტს POS TV საღამოს ეთერში ამტკიცებდა, რომ თათია სამხარაძე სამი დღის განმავლობაში ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის სახლში იმყოფებოდა და სახლიდან ვერ გამოდიოდა, რადგან სამხარაძეს დალურჯებები ჰქონდა.

იმავე საღამოს თათია სამხარაძემ საკუთარი სახლიდან ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობდა, რომ ის სახლში იმყოფებოდა და არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი