
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასჯელს არა ავტომობილის მოხმარებისთვის, არამედ "რუსთავი 2"-ის 7 მილიონით გაძარცვისთვის იხდის.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ არის და ამაზე საუბარი "პრინციპულად არასწორია" .
"რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის პრინციპულად არასწორი. [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] ერთიც და მეორეც არის დამნაშავე ისინი არიან მხილებული მძიმე დანაშაულებში. გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ- ით გაძარცვისთვის" - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.