ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.
მიშელის თქმით, მომდევნო თვეში გამოქვეყნდება ევროკომისიის მორიგი მოხსენება ამ სამი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე, რის საფუძველზეც ევროპული საბჭო წლის ბოლომდე მათთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს. შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება.
"ერთის მხრივ ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, - თქვა შარლ მიშელმა.
თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი".