ვიოლა ფონ კრამონი "ლელოს" ლიდერებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა.

"ლელოს" გენერალური მდივანის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

"შემიძლია გითხრათ, რომ ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს და წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. ის, რასაც ქართული ოცნება თვლის, რომ შესრულებულია, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ეს ეხება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს სასამართლოს რეფორმებს, ასევე რეფორმებს ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც "ლელოს" ლიდერები აღნიშნავენ, ევროპარლამენტართან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე.

თავად ვიოლა ფონ კრამონს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროპარლამენტარი საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა. მან ჰაინრიხ ბიოლოს ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, კრამონი კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი