სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ საქართველოს პირობებში მიხეილ სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია.
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" დღეს, 2 აპრილს მოინახულეს. გრიგოლიას განმარტებით, საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს, ის სტრესი, რამაც დაავადება გამოიწვია, არ იხსნება, რის გამოც განკურნება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი თუკი მიხეილ სააკაშვილს სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ.
"ჩვენ ჯერ კიდევ შარშან აპრილის დასკვნაში დავწერეთ, რომ ჩვენ პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ჩვენ პირობებში ის, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, სტრესი არ ეხსნება ადამიანს და რახან სტრესი არ ეხსნება და იმყოფება იმ გარემოში, რაშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორეში გადაყვანას, ან კიდევ სადღაც სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას. ჩვენი აზრი ჯერ კიდევ შარშან იყო ასეთი, რომ თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, როგორც ომბუდსმენის კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს.
კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას 2 დღეში მოამზადებენ და გაასაჯაროებენ.