კიდევ ერთი კანონდარღვევა ნიკა გვარამიას საკასაციო სარჩელზე - მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილების შუამდგომლობა, ამავე მოსამართლეს დაეწერა.
"მთავარი არხის" დამფუძნებლის ადვოკატებმა სასამართლოს გაბინაშვილის აცილების შუამდგომლობით 27 მარტს მიმართეს. მიმართვა 3 დღის ვადაში უნდა განხილულიყო, თუმცა კანონი და ვადები აქაც დაირღვა. უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა, შუამდგომლობაზე პასუხი უცნობია.
ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლო განხილვის დასრულებას არ ჩქარობს. 6 თვიანი განსახილველი ვადიდან ნახევარზე მეტი უკვე გავიდა.
თავად მოსამართლე გაბინაშვილი "მთავარი არხის" შეკითხვებს პასუხს ვერ სცემს და ჟურნალისტს კანონმდებლობაში "უკეთ გარკვევას" ურჩევს:
"თქვენ თუ ხვდებით, რომ მოსამართლის საქმიანობაში ერევით ამ კითხვებით? არ გაქვთ ამის განცდა?...ანგარიშს მთხოვთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსახილველად მაქვს?
უკეთ უნდა გაერკვეთ კანონმდებლობაში" ამბობს მოსამართლე გაბინაშვილი "მთავართან" სატელეფონო კომენტარისას.
ნიკა გვარამიას უფლებადამცველი კი კიდევ ერთხელ განმარტავს საკასაციო სარჩელის კანონმდებლობით გაწერილ ვადებს და გაბინაშვილის აცილების მოთხოვნის შუამდგომლობის საფუძველს:
"ჩვენ 10 დღის წინ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილების მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით სასამართლო ვალდებულია სამი დღის ვადაში განეხილა ჩვენი შუამდგომლობა, დღემდე არ არის ეს შუამდგომლობა განხილული და ცალკე გამოსაყოფია ის გარემოება, რომ ეს შუამდგომლობა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თავად უზენაეს სასამართლოდან, აწერია თავად მერაბ გაბინაშვილს. მაშინ როდესაც კანონის თანახმად, პალატა როდესაც იხილავს საქმეს, აცილებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სხვა მოსამართლეებმა და არა იმ მოსამართლემ, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ უზენაეს სასამართლოს მხრიდან, რომ ნუ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ ვადებს და ჩვენი შუამდგომლობის განხილვის პროცედურას.
მერაბ გაბინაშვილის აცილების შუამდგომლობა ეფუძნება ორ ძირითად არგუმენტს. პირველი - კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის ერთიანი, 6 თვიანი ვადის ნახევარზე მეტი ისე ამოიწურა, რომ არათუ საქმის განხილვა არ იყო დაწყებული, არამედ პალატის შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული და ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ წერილობით სასამართლოს და მოვთხოვეთ ინფორმაცია თუ ვინ და რა შემადგენლობით განიხილავდა პალატა ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარს, თუმცა მათგან პასუხი იყო, რომ ჯერჯერობით უცნობია პალატის შემადგენლობა" ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ მერაბ გაბინაშვილი არის კლანის ერთგული წევრი, ის დანიშნული იყო უზენაეს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ეს არის მათ შრის ვენეციის კომისიის პოზიცია" ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.