
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმების შესასვლელად იუსტიციის სამინისტროსთვის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა საჭირო არაა.
"იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, რომ შემოიყვანონ უცხოელი ექიმები, ამ დროს არ არის ეს სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, ეს სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და ეს საკითხები უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, სააკაშვილის მხარე აქ არაფერ შუაშია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, 16 მარტს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო, თუმცა პოლონელი ექიმებს კლინიკაში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცათ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ ექიმები საქართველოში.
20 მარტს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ არც სააკაშვილისა და არც მისი ოჯახის მხრიდან, უცხოელი ექიმების ჩართვის მოთხოვნით განცხადება სამინისტროში შესული არ იყო.