
ამერიკის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს სურს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მისი მტკიცებით, საქმე კორუფციას არ ეხება და წლებია სხვადასხვა მცდელობებით ცდილობენ სასამართლო ჩაიგდონ ხელში, რაშიც ჩართულები იყვნენ NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
"მე პირდაპირ გეტყვით, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა და მე მოგახსენებთ რა არის მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება, რომელსაც კიდევ ვიმეორებ არის თითიდან გამოწოვილი და ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.
ახლა რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა, მცდელობები იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - თქვა მურუსიძემ.
მისი განცხადებით, დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესჯი, რაც არის შემდეგი "თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს რომლებიც დავასანქცირეთ".
ამის მაგალითად მან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი მოიყვანა.